10.01.2023

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშნული სხდომების უმეტესობა გადაიდო

სტატია მოიცავს ბოლო 6 თვის მონაცემებს.

2022 წლის ივნისიდან იმავე წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოს სასამართლოს გუშაგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს. ამ პერიოდში ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც გამოიკვეთა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშნული სხდომების გადადების მაღალი მაჩვენებელია. ამავე დროს, 2022 წლის მეორე ნახევარში საბჭოს არცერთი სხდომა არ ჩატარებულა დაგეგმილ დროს.

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნითაც.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი (მინიმუმ 8 წევრი). დამკვირვებლებისთვის უცნობია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების გადადების მიზეზები.

შესაძლებელია სხდომების გადადების მაღალი მაჩვენებელი უკავშირდებოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასრულ შემადგენლობას, ვინაიდან 2021 წლის ივნისის შემდგომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 წევრის ნაცვლად 10 წევრია. გამორიცხული არ არის ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ იუსტიციის საბჭო ვერ ან დაგვიანებით ახერხებს წევრთა სათანადო რაოდენობის (8 წევრის) მობილიზებას. 

2022 წლის დეკემბერში, საქართველოს პარლამენტში იგეგმებოდა 5 არამოსამართლე წევრების არჩევა, თუმცა კანდიდატების კენჭისყრა საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.

2022 წლის ივნისი-დეკემბერი:

  • სულ დაინიშნა 67 სხდომა;
  • ჩატარდა 22 სხდომა;
  • გადაიდო 45 სხდომა.



საბჭოს სხდომის დაგვიანებები 1-დან 6 საათამდე მერყეობს.


ივნისი, 2022:

  • დაინიშნა 13 სხდომა, რომელთაგან ჩატარდა მხოლოდ - 3, გადაიდო - 10.
  • სამივე სხდომა ხანგრძლივი დაგვიანებით დაიწყო. 


ივლისი, 2022:

  • დაინიშნა 13 სხდომა, რომელთაგან ჩატარდა მხოლოდ - 4, გადაიდო - 9.
  • ოთხივე სხდომა ხანგრძლივი დაგვიანებით დაიწყო. 

 

აგვისტო, 2022:

  • დაინიშნა 5 სხდომა, რომელთაგან ჩატარდა მხოლოდ - 1, გადაიდო - 4.
  • ჩატარებული სხდომა ხანგრძლივი დაგვიანებით გაიხსნა.

 

სექტემბერი, 2022:

  • დაინიშნა 7 სხდომა, რომელთაგან ჩატარდა მხოლოდ - 1, გადაიდო - 6.
  • ჩატარებული სხდომა ხანგრძლივი დაგვიანებით დაიწყო.

 

ოქტომბერი, 2022:

  • დაინიშნა 9 სხდომა, რომელთაგან ჩატარდა - 7, გადაიდო - 2.
  • შვიდივე სხდომა ხანგრძლივი დაგვიანებით გაიხსნა. 

 

ნოემბერი, 2022:

  • დაინიშნა 6 სხდომა, რომელთაგან ჩატარდა - 3, გადაიდო - 3.
  • შვიდივე სხდომა დაიწყო ხანგრძლივი დაგვიანებით, მათ შორის ერთ-ერთი - დანიშნულ დროზე 6 საათით გვიან გაიხსნა.

 

დეკემბერი, 2022:

  • დაინიშნა 14 სხდომა, რომელთაგან ჩატარდა მხოლოდ - 3, გადაიდო - 11.
  • სამივე სხდომა დაიწყო ხანგრძლივი დაგვიანებით.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს დიდი დატვირთვა აქვს სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, ვინაიდან ის წარმოადგენს ორგანოს, რომელსაც სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი, ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობის ფუნქცია აკისრია. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ ფუნქციას ვერ შეასრულებს, თუ ის იმ მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ დააკმაყოფილებს, რომელიც დანიშნული სხდომის ჩატარებას გულისხმობს.

 

---
ფოტო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური Facebook-გვერდი. 
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

 

მეგი შამათავა